ბლოკადის ნებისმიერი მოხსნა სომხეთის სუვერენიტეტის ფარგლებში უნდა მოხდეს – ირანის ელჩი

ირანი სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის მომხრეა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ უნდა იყოს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მეჰდი სობჰანიმ განაცხადა.
„ჩვენ ვუჭერთ მხარს მშვიდობას. ჩვენ ვუჭერდით მხარს და გავაგრძელებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას. ჩვენ გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა ორივე ქვეყნისა და რეგიონის ინტერესებშია. და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ შეთანხმების ხელმოწერაში“, – განაცხადა ელჩმა.
მან შეახსენა, რომ ირანი მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებულ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს.
„ეს შეიძლება რეგიონში ბლოკადის მოხსნის შესაძლებლობად იქცეს. ჩვენ ბლოკადის მოხსნის წინააღმდეგი არ ვართ, თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. თუმცა, ბლოკადის ნებისმიერი მოხსნა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ფარგლებში უნდა მოხდეს. და მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი რეგიონში საქონლის ტრანსპორტირებას შეუწყობს ხელს“, – თქვა მან.







