
სომხეთი აგრძელებს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას შეიარაღებულ ძალებში, მათ შორის თანამედროვე იარაღის შეძენას, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვა.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ APRI-2025 კონფერენციაზე სახელწოდებით „სტაბილურობის პოვნა არასტაბილურ სამყაროში“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე აღნიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპონენტებზე საუბრისას.
„სომხეთი აგრძელებს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას შეიარაღებულ ძალებში. სომხეთი იძენს თანამედროვე იარაღს, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვა. ეს ჩვენი პრიორიტეტებია. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ამ მხრივ ჩვენც ვიძენთ შესაძლებლობებს“, – თქვა გრიგორიანმა.
უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ ამ რეფორმების შედეგები უკვე ჩანს რეალობაში.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შესაძლებლობების გაზრდას და ასევე გვესმის, რომ საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვე იარაღისა და არმიის ქონა, არამედ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკაც“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ცდილობს თავისი პრობლემების უმეტესი ნაწილი დიპლომატიური ინსტრუმენტებით მოაგვაროს.







