
ირან-ისრაელის კონფლიქტი განუწყვეტლივ იძაბება.
“Armenpress”-ის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის კითხვა-პასუხის სესიაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტი ამჟამად განუწყვეტლივ იძაბება. სომხეთის პოზიცია რეგიონულ მშვიდობასთან დაკავშირებით ყოველთვის ნათელი იყო: ჩვენ მშვიდობის მომხრეები ვიყავით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ხშირად მიუღწევადია”, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.
როგორც არარატ მირზოიანმა განაცხადა, ამ სიტუაციაში მთავრობა მხოლოდ ირანში სომხებზე არ არის ორიენტირებული, არამედ მზადაა მხარი დაუჭიროს სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციის პროცესსაც.
“ვინაიდან ეს ჰუმანიტარული საკითხია, ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციის ან თავშესაფრის მიცემის პროცესში. მაგალითად, ჩვენ დავეხმარეთ ინდოელ სტუდენტთა ჯგუფს სომხეთის საზღვრის გადაკვეთასა და სამშობლოში დაბრუნებაში. მსგავსი მხარდაჭერა მიიღეს ზიმბაბვეს, ჩინეთის, საფრანგეთის და შეერთებული შტატების მოქალაქეებმაც. ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი შეფასებით, მოცულობა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა მირზოიანმა.







