KhatEnergy: ბაქოში დივერსია ირანის ღალატზე პასუხის ნაწილია

ირანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა KhatEnergy, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის საკითხებზე სპეციალიზირდება, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბაქოში, ალოვის სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შესახებ კომენტარი გააკეთა.
ვიდეოში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოში აფეთქება შესაძლო დივერსიის აქტად განიხილებოდა. ამავდროულად, ქვეყნის ხელისუფლებამ ან უარყო ინციდენტის ფაქტი, ან სცადა მისი მიჩქმალვა.
ვიდეოში მოცემულია ციტატა, რომელიც გამოქვეყნდა X-ში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ არაოფიციალურ ანგარიშზე:
„ჩვენ არასდროს გავუშვებთ მოღალატეებს ადვილად. ზოგიერთი ღალატის კვამლი თავდაპირველად საწყობებიდან ამოდის…“.
ეს განცხადება ბაქოს ხელისუფლების მიმართ მინიშნებად აღიქმება და შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც სიგნალი იმისა, რომ მომხდარი აფეთქება ირანის პასუხის ნაწილია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 12-დღიანი ომის დროს, აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე, მათ შორის თავრიზის რეგიონში, გამოიყენეს ისრაელის დრონებითა და რაკეტებით ირანზე თავდასხმისთვის.
გარდა ამისა, ვიდეოში ხაზგასმულია, რომ სამიზნედ შეიძლება იქცეს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც. პოტენციურ სამიზნედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენია მოხსენიებული, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად 1.2 მილიონ ბარელამდე ნავთობი გადაიზიდება, რომლის დაახლოებით 40% ისრაელს მიეწოდება.
ვიდეოს ავტორების თქმით, ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება „ერთი დარტყმით ორ სამიზნეს დაარტყას“: ეს დარტყმას მიაყენებს აზერბაიჯანის ნავთობის შემოსავლებს და სერიოზულად შეაფერხებს ისრაელისთვის ნავთობის მიწოდებას – დღეში დაახლოებით 100,000 ბარელის დონეზე.







