ლევან ხაბეიშვილი – მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით გდდ-ს თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა

1tv.ge წერს, რომ მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ჯილდოს სახით ამ თანხას მიიღებენ ისინიც, ვინც, მისი განცხადებით, „სისტემას ამხელს“.
„დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის. დააგდეთ ეგ გაზის იარაღი და როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, 200 ათას დოლარს მიიღებთ. იქნებით 50? 50-ვე. საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური – რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს. 200 ათასი დოლარი არის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. ასევე მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. ცხადია, მაქვს ბევრი მასალა, ოღონდ არა მარტო მე, მასალები სხვადასხვა მიმართულებით არის დაცული. ჟონავს, მათ შორის ადამიანის წამების ვიდეოები – როცა არბევდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ვის ხელშია, რა ვიდეოებია, ძალიან ბევრია ასეთი. მივმართავ სხვა თანამშრომლებსაც, 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს. ეს არ არის სიტყვების რახარუხი. თუ არადა, 4 ოქტომბერს, როცა გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას, ვინც გონს მოეგება, ხომ კარგი და ვინც არ მოეგება, ისინი ძალიან ინანებთ. ითანამშრომლეთ ქართველ ხალხთან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.







