პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია

1tv.ge წერს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია, პრემიერმაც ისაუბრა, რომ ჩვენს ქალაქს ბევრი სპორტული ობიექტი შეემატება. ასევე, რეგიონებში იგეგმება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ახალი საფეხბურთო ცენტრის, „ავაზას“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრთან, შალვა გოგოლაძესთან, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მერს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და დედაქალაქის მერს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს სკოლა დაბრუნებოდა საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდა თაობას. ემოციურად ვარ განწყობილი. 12 წლის ასაკში თბილისში სწორედ აქ დავიწყე ფეხბურთელის კარიერა. მახარებს, დღეს განახლებულ საფეხბურთო სკოლას რომ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს სკოლა გაიხსნა, მაშინ ვინც დაიწყო აქ ფეხბურთის თამაში, უკვე შვილიშვილები ჰყავთ და ტრადიცია, რომელიც საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ჰქონდა, გაგრძელდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. პრეზიდენტის განმარტებით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ ფეხბურთის თამაშის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„გვსურს, მოსახლეობა ჯანსაღი ცხოვრების წესით იყოს დაკავებული. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მუდმივად ვსაუბრობთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრთან, რომ ეს პროცესი იყოს განგრძობადი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სპორტში ჩართული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელებაა იმ წარმატებების საფუძველი, რასაც  ქართველმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს UEFA -ს ეროვნული ასოციაციების სამმართველოს დირექტორის მოადგილემ, ტიერი ფავრიმ და FIFA-ს რეგიონულმა კოორდინატორმა, მარკო ფერიმ.

კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამის, FORWARD-ისა და UEFA-ს პროგრამის, Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. მის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button