„Wizz Air-ს მოუწევს რეისების სერიოზულად შემცირება – რაც არ უნდა დაწიონ ფასი, მგზავრები მოაკლდებათ“ – გიორგი კოდუა

bpn.ge წერს, რომ „უვიზო მიმოსვლის შეჩერება, პირველ რიგში, დაარტყამს Wizz Air-ს. ყველა შემთხვევაში Wizz Air-ს მოუწევს რეისების სერიოზულად შემცირება“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა.
როგორც კოდუა აღნიშნავს, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება უფრო მეტად შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან ევროკავშირის ბაზრებზე.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერება, პირველ რიგში, დაარტყამს Wizz Air-ს, რომელიც ევროპული დროშით არის და მათი რეისების თითქმის 100% მიმართულია ევროპისკენ. ყველა შემთხვევაში Wizz Air-ს მოუწევს რეისების სერიოზულად შემცირება, არ მგონია რომ გავიდნენ მთლიანად ბაზრიდან, უფრო მგონია, რომ გადახედავენ, განრიგიდან გამომდინარე რომელი ფრენა შესაძლოა, შეუნარჩუნდეს. პირველი დარტყმა იქნება Wizz Air-ზე.
„უვიზოს შეჩერება ნაკლებად შეეხება “აირზენას“ – მისი ბაზარი მოსკოვია“
მეორე დარტყმა იქნება Pegasus-ზე, მესამე თურქეთის ავიახაზებს. ყველაზე ნაკლებად უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეეხება Georgian Airways-ს, იმიტომ, რომ მათი მთავარი ბაზარი მოსკოვია. ამ კომპანიას აქვს რეისები რუსებისთვის – მოსკოვი-თბილისი-ლარნაკა, დაამატეს ნიცაც. შესაძლოა, ეს რეისები შეაჩერონ ან შეამციროს.
ვფიქრობ, რომ თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, მეტად მოხდება ევროპული კომპანიების გადალაგება. British Airways-ს და easyJet-ს არ შეეხება დიდად ცვლილებები, პირიქით, ისინი გაძლიერდება, მათ ცალკე ვიზები ისედაც აქვთ. უვიზოს შეჩერება უფრო მეტად შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან ევროკავშირის ბაზრებზე. ევროპიდან საქართველოში ძირითადად Wizz Air და თურქეთის ავიახაზები დაფრინავს, მათი რეისები შენარჩუნდება, მაგრამ გადახედავენ სიხშირეებს“, – აღნიშნავს გიორგი კოდუა.
ამასთანავე, HUB Georgia-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება აისახება ფასებზეც, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარზე თავის ყოფნას დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები შეამცირებენ.
„რაც შეეხება ფასებს, Wizz Air-ს თავის პოლიტიკა აქვს, მოუწევს რიგი რეისების შეჩერება, სხვაგვარად ფიზიკურად ვერ იმუშავებს, რაც არ უნდა დაწიონ ფასი მგზავრები მოაკლდებათ; თუ არ იქნება მგზავრი, ფასის აწევას აზრი არ ექნება. ზოგადად მოგზაურობა გაძვირდება იმ გაგებით, რომ იმას ვისაც ცოტა სიხშირე და მაღალი ფასები აქვს დარჩებიან ბაზარზე, ვისაც დაბალი ფასები აქვს ისინი გავლენ, კონკურენცია აღარ იქნება ევროპის ბაზარზე, ბევრი მგზავრი რომ მოაკლდებათ, ევროპული მოთამაშეები დატოვებენ საქართველოს ბაზარს“, – განაცხადა გიორგი კოდუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, ევროკომისია განიხილავს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების საკითხს. 2025 წლის 31 აგვისტოს ამოიწურა ბოლო ვადა, როცა საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში გაცხადებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინოს.







