დერეფანი არ იქნება – ირანის ელჩი სომხეთში

დერეფანი არ იქნება, არაფერი იქნება იძულებითი. ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში, მეჰდი სობჰანიმ, 9 სექტემბერს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან დასძინა, რომ არაფერია ისეთი, რასაც შეიძლება „დერეფანი“ ვუწოდოთ. დიპლომატმა განმარტა, რომ ეს გზაა. „დერეფნის შესახებ არაფერია ნახსენები არც სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში (სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის – რედ.), არც ხელმოწერილ დეკლარაციაში (აშშ-ს მონაწილეობით – რედ.)“, – აღნიშნა სობჰანიმ.
მან დასძინა, რომ ის სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ეწვია პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.
ელჩმა განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ადრე სომხეთს ეწვია, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის საკითხებშია ჩართული. დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ მხარეები ერთობლივი საკონსულო კომისიის შექმნას გეგმავენ.







