ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო/ოდირ-ს პირდაპირ თავს ესხმოდნენ, ვერავის გაუკვირდება, რომ ასეთ პირობებში ეუთო/ოდირ-ს საქართველოში ჩამოსვლაზე მოტივაცია შემცირებული ჰქონდა

1tv.ge წერს, რომ ეუთო/ოდირ-ისთვის ეს დაკვირვება იქნებოდა სერიოზული გამოწვევა. საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირ-ს, მოიხსენიებდნენ მისიას შეურაცხმყოფელი ტერმინებით. ვერავის გაუკვირდება, რომ ასეთ პირობებში ეუთო/ოდირ-ს საქართველოში ჩამოსვლაზე მოტივაცია შემცირებული ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან ეუთო/ოდირ-ის მისიაზე და ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„ყველას გვახსოვს, რა რეჟიმში უწევდა მუშაობა ეუთო/ოდირ-ს საპარლამენტო არჩევნების დროს. პრაქტიკულად, ჩაკეტეს ოთახში, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან, თუმცა ნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, ეუთო/ოდირ-მა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. გახსოვთ, რომ პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირ-ს, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ტერმინებითაც მოიხსენიებდნენ ეუთო/ოდირ-ის მისიას. ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირ-ს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერავის გაუკვირდება“, – განაცხადა პრემიერმა.







