ევროკავშირი TRIPP-ს ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირების უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა, მართა კოსმა, ევროკავშირის „ტრამპის გზის“ (TRIPP) პროექტში ჩართვის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მართა კოსმა ამ თემას ბრიუსელში სომეხი ჟურნალისტების ჯგუფთან შეხვედრისას შეეხო და უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა ევროკავშირი „ტრამპის გზის“ პროექტში ჩართვის შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს სომხეთმა, შეერთებულმა შტატებმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები ერთად იმუშავებენ „ტრამპის გზის“ (TRIPP) მარშრუტის სომხეთის ტერიტორიაზე განსახორციელებლად.
„ტრამპის გზის“ პროექტი სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების დებლოკირებისთვის განხორციელდება და ასევე იქნება გზა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს.
კოსმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადი კავშირის უფრო ფართო სურათის გათვალისწინებით. „საქმე ეხება ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალ გზას.
ეს მხოლოდ 42 კილომეტრიანი გზაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც ვაკეთებთ, ეხებოდეს არა მხოლოდ ამ 42 კილომეტრიან მონაკვეთს, არამედ ყველაფერს, რაც აღმოსავლეთისკენ და რაც დასავლეთისკენ მიდის და ეს ერთდროულად გაკეთდეს. საკითხებს თურქეთთან და აზერბაიჯანთანაც განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენთვის აზრი არ აქვს ამის ნაწილ-ნაწილ გაკეთებას. თუმცა, ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა ან ჩართულობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ 42 კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა“, – ხაზი გაუსვა მართა კოსმა.







