სომხეთმა Wizz Air-ს ყაზახეთისა და საქართველოს მიმართულებით ავიაფრენების დაწყება შესთავაზა

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა ავიაკომპანია Wizz Air-ის კომერციულ დირექტორს, იან მალინს უმასპინძლა.
როგორც Armenpress-ი სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრისას დავით ხუდათიანმა ავიაკომპანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ Wizz Air სომხეთის მთავრობისთვის საიმედო პარტნიორია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფრენების გეოგრაფია კიდევ უფრო გაფართოვდება.
იან მალინმა ორი ახალი მიმართულების – ეინდჰოვენისა და ბრიუსელის რეისების დაწყების შესახებ განაცხადა.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ავიაკომპანიას შესთავაზა განიხილოს ფრენების დაწყება ყაზახეთისა და საქართველოს მიმართულებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში – გიუმრის „შირაქის“ აეროპორტიდან რეისების განხორციელების პერსპექტივა.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს პილოტების გადამზადების ცენტრის დაარსების იდეაზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ Wizz Air-ისა და სომხეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონის მფრინავებისთვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს უახლოეს მომავალში ავიაციის სფეროში ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა.







