
სომხეთის მთავრობა მალე გიუმრი-აქიაქას (თურქეთი) და იერასხის კვანძის რკინიგზის რემონტს დაიწყებს. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ შირაქის რეგიონის სარნახბიურის დასახლებაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა შვებულებაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„თურქულმა მხარემ უკვე დაიწყო და რკინიგზა გაიხსნება, ჩვენც დავიწყებთ იერასხის კვანძის რემონტს. სომხეთის მთავრობა ამას თავის თავზე აიღებს, თუმცა არსებობს კონცესიის ხელშეკრულება, ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციას, შევაკეთებთ რკინიგზას, აღვადგენთ მას და რკინიგზა გაიხსნება“, – თქვა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის გახსნისთვის.
სომხეთში 7 ივნისს გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია 8 მაისს დაიწყო და 5 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 19 პოლიტიკური ძალა, 2 ალიანსი და 17 პარტია დარეგისტრირდა. პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ არჩევნებში მე-16 ნომრით მონაწილეობს სლოგანით „უფალო, მშვიდობას დაუჭირე მხარი“. პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 283 კანდიდატისგან, ასევე ეროვნული უმცირესობების 10 კანდიდატისგან შემდგარი სია წარუდგინა. პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია.







