
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნით კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შესახებ განცხადება „ჰაი დატის“ ბრიტანეთის ოფისმა გაავრცელა.
„დღეს ისტორიული დღეა სომხური საქმისთვის. დღეს სომეხთა გენოციდის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს. შემდეგი განხილვა 2022 წლის 18 მარტს გაიმართება. ჩვენ მადლობელი ვართ ტიმ ლუფტონისა და ამ წარმატების ყველა მხარდამჭერის“, – ნათქვამია „ჰაი დატის“ ბრიტანეთის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანონპროექტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობისაგან მოითხოვს სომეხთა 1915-1923 წწ. გენოციდის ოფიციალურად აღიარებას, სომხების გენოციდის და მის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის განსაკუთრებული წესის დაკანონებას, ასევე სომეხთა გენოციდის, ადამიანის უფლებების დარღვევის და ომის დანაშაულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისადმი ხელშეწყობას.







