საერთაშორისო

თუ უკრაინას არ დავეხმარებით, რუსული უნდა ვისწავლოთ  –  კალასი

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კალასის თქმით, ევროპას რუსული ენის სწავლა მოუწევს, იტყობინება The Guardian.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი მიიჩნევს, რომ კავშირს უკრაინის მხარდაჭერაში თავისი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ „უკრაინა ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია“ და რუსეთი მხოლოდ ძალის გამოყენებაზე რეაგირებს.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სანქციების მე-18 რაუნდის მნიშვნელობას და თქვა, რომ „თითოეული სანქცია ასუსტებს რუსეთის შესაძლებლობას, აწარმოოს ეს ომი“.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის და საკუთარი უსაფრთხოებისთვის.

„თუ უკრაინის დახმარებას შევწყვეტთ, ყველამ უნდა დავიწყოთ რუსული ენის შესწავლა. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა დღეს ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც რუსეთი საბოლოოდ მზად იქნება საუბრისთვის“, – მოიყვანა მან ციტატა ნატოს გენერალური მდივნის  მარკ რუტეს გამოსვლიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button