საზოგადოება

პატიმრების სიმრავლით საქართველო ევროპაში მეოთხეა

Netgazeti.ge წერს, რომ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით, საქართველო, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, მეოთხე ადგილზეა.

ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ყოველწლიური სისხლის სამართლებრივი სტატისტიკა პატიმართა რაოდენობის შესახებ, რომელიც ასახავს მონაცემებს 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით. ამ დროისთვის საქართველოს 8 592 პატიმარი ჰყავდა. 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს მაჩვენებელი 231.9-ით განისაზღვრა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პატიმრების ჭარბი რაოდენობით ევროპის ქვეყნების სამეულში აღარაა.

ანგარიშის თანახმად, 100 000 მოსახლეზე პატიმრების ყველაზე მეტი რაოდენობა შემდეგ ქვეყნებშია:

  • თურქეთი — 458 პატიმარი
  • აზერბაიჯანი — 271 პატიმარი
  • მოლდოვას რესპუბლიკა – 245 პატიმარი
  • საქართველო – 232 პატიმარი
  • უნგრეთი — 206 პატიმარი

ანგარიშში შესული არაა რუსეთის, ბელარუსის და კოსოვოს მონაცემები, რადგან ისინი არ არიან ევროპის საბჭოს წევრები.

საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, სადაც პატიმრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა:

  • უკრაინა (-18%)
  • სლოვაკეთი (-16%)
  • საქართველო (-11%)
  • ესტონეთი (-9.8%)
  • პოლონეთი (-6%)

ევროპის საბჭოს ანგარიში არ მოიცავს მაჩვენებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ევროპის საბჭოს გამოქვეყნებული ყოველწლიური სისხლის სამართლებრივი სტატისტიკა პატიმართა რაოდენობის შესახებ (SPACE I) აჩვენებს, რომ მრავალი ევროპული ქვეყანა ვერ ახერხებს ციხეების სერიოზული გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას. ასევე, ფიქსირდება ციხეებში ქალთა რაოდენობის მცირედი ზრდა.

2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებში სულ 1 107 921 პატიმარია, რაც მთელი კონტინენტის მასშტაბით, ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 110 პატიმარს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, პატიმრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაშია კონცენტრირებული, სადაც სისტემები უპირატესობას საპატიმრო სასჯელებს ანიჭებენ. მიუხედავად პატიმართა მაღალი საერთო რაოდენობისა, საქართველო (70 პატიმარი 100 ადგილზე) დაბალი სიმჭიდროვის მქონე ქვეყნების სიაშია.

ევროპის ციხეებში პატიმართა 17% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უცხოელთა ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა ლუქსემბურგში (78%), შვეიცარიაში (73%) და კვიპროსში (54%), ყველაზე დაბალი წილი კი რუმინეთში (1.1%), მოლდოვასა (1.9%) და აზერბაიჯანში (2.2%).

პატიმრობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად (17.3%) კვლავ რჩება ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, რასაც მოსდევს ქურდობა (12.1%). ყოველი სამი მსჯავრდადებულიდან დაახლოებით ერთი სასჯელს იხდის ძალადობრივი დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობისთვის (10.9%), გაუპატიურებისთვის ან სხვა სექსუალური დანაშაულისთვის (8.6%), თავდასხმისთვის (6.3%) და ყაჩაღობისთვის (6.1%).

SPACE-ის კვლევებს ევროპის საბჭოსთვის ყოველწლიურად ლოზანის უნივერსიტეტი ატარებს. SPACE I მოიცავს ციხის ადმინისტრაციების მონაცემებს, ხოლო SPACE II ფოკუსირებულია პრობაციის მაჩვენებლებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button