
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ფაშინიანმა ეს განცხადება გეღარქუნიკის ოლქის ქალაქ მარტუნის მაცხოვრებლებთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს გააკეთა.
„რუსეთის პრეზიდენტმა 1 ივნისს დამირეკა, რათა დაბადების დღე მომელოცა, თუმცა, საქმიანი საუბრებიც გვქონდა და შევთანხმდით, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ ვიმოგზაურებ, შევხვდებით და ყველა მიმდინარე საკითხს გადავწყვეტთ“, – განაცხადა ფაშინიანმა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის გარშემო არსებულ ვითარებასა და ამ კონტექსტში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
ფაშინიანმა „სომხეთის“ ბლოკის ლიდერი რობერტ ქოჩარიანი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკის ლიდერი სამველ კარაპეტიანი და „აყვავებული სომხეთის“ პარტიის თავმჯდომარე გაგიკ წარუკიანი სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
„სამთავიანმა ომის პარტიამ ჩვენთვის დაისახა მიზანი, რომ ჩვენს რუს პარტნიორებთან კონფლიქტში შევიდეთ. მე ასევე ვუთხარი ჩვენს რუს პარტნიორებს: ჩვენ არ ვიბრძოლებთ თქვენთან, არ ვიკამათებთ, არ ჩავერთებით დებატებში, სიტყვიერ ომში, ჩვენ მშვიდად და მოთმინებით დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ არც ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ“, – თქვა ფაშინიანმა.







