მთავარიპოლიტიკა

ევრაზიული კავშირი სომხეთისთვის ახალ შესაძლებლობებს უნდა ხსნიდეს, არა თუ პირიქით – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა სომხეთისთვის ახალი შესაძლებლობები უნდა გახსნას, რათა რესპუბლიკაში ორგანიზაციის მიმართ პოზიტიური განწყობა გაიზარდოს. Armenpress-ის ცნობით, გამოცემა „იზვესტიას“ ჟურნალისტის კითხვებზე პასუხისას ფაშინიანი შეეხო ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის შესაძლო არჩევანს, ასევე ასტანის სამიტის ფარგლებში მიღებულ განცხადებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს, თუ ქვეყანა ოფიციალურად მიმართავს ბლოკს ან ძალიან მიუახლოვდება კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„სანამ სომხეთს ოფიციალურად არ მიუმართავს ევროკავშირს სრულუფლებიანი წევრობისთვის, რეფერენდუმი არ ჩატარდება. როგორც კი ეს მოხდება, რეფერენდუმიც შედგება“, – განაცხადა მან.

ევრაზიული კავშირის წევრი ოთხი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მის შინაარსს უკვე გაეცნო.

„წავიკითხე. საკმაოდ ბალანსირებული ტექსტია. ფაქტობრივად, ოთხივე ქვეყნის პარტნიორები მხარს უჭერენ სომხეთში რეფერენდუმის ჩატარების იდეას, რათა ქვეყანამ თავისი გადაწყვეტილება მიიღოს“, – თქვა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უპირატესობებს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ისინი აშკარაა, თუმცა თავად გაერთიანებამაც უნდა შექმნას ახალი პერსპექტივები.

„რა თქმა უნდა, გვესმის. თუმცა მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ევრაზიულმა კავშირმა ახალი შესაძლებლობები უნდა გახსნას და აჩვენოს, რათა ორგანიზაციის იმიჯი სომხეთის რესპუბლიკაში გაიზარდოს და არა პირიქით“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გარკვეული შეზღუდვების დაწესება საპირისპირო ეფექტს ახდენს და სომხეთის მოქალაქეებში გაერთიანების მიმართ ნეგატიურ განწყობებს აყალიბებს.

„თუკი რაიმე სახის შეზღუდვები წესდება, ეს სომხეთის მოქალაქეებში ევრაზიული კავშირის მიმართ უარყოფით აღქმას აჩენს. ეს მე მაშფოთებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე შეახსენა ჟურნალისტს, რომ ორგანიზაციაში უნიკალური პოზიცია უკავია, ვინაიდან ერთდროულად არის როგორც ევრაზიული უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს, ისე ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს წევრი.

„ჩემთვის ეს ასევე პასუხისმგებლობაა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ევრაზიულ კავშირს დადებითი იმიჯი ჰქონდეს, თუმცა ზოგიერთი გადაწყვეტილება ამას ხელს არ უწყობს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button