პოლიტიკა

ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა გაზარდოს სომხეთის მხარდაჭერა მოკლევადიან პერსპექტივაში: მართა კოსი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მართა კოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სოლიდარობა სომხეთის მიმართ, რუსეთის მხრიდან მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე. როგორც Armenpress-ი იტყობინება, ევროკომისარმა ამის შესახებ სოციალური ქსელის X პლატფორმაზე დაწერა.

„სომხეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლის ხალხსაც შეუძლია აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა გავზარდოთ ევროკავშირის მხარდაჭერა სომხეთის მიმართ მოკლევადიან პერსპექტივაში. ჩვენ ასევე დავაჩქარებთ ჩვენს მუშაობას სამხრეთ კავკასიასთან და მის ფარგლებში სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების ხელშეწყობის მიზნით, რათა მხარი დავუჭიროთ სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს მის უშუალო მეზობლებთან“, – წერს მართა კოსი.

ადრე, „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ 2 ივნისიდან დროებით შეზღუდვებს დააწესებს სომხეთიდან ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ნექტარინის და ყურძნის იმპორტზე. ადრე შეზღუდვები ასევე დაწესდა სომხეთიდან რიგი ბოსტნეულის კულტურების იმპორტზე.

რუსეთმა ასევე აკრძალა სომხური მინერალური წყლის „ჯერმუკის“, ყვავილების, თევზის პროდუქტების და ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელის იმპორტი.

ნახეთ მეტი
Back to top button