ეკონომიკა

პანიკა რუსულ ელიტაში: “ყველა ფიქრობს, თუ როგორ მოხსნას ანგარიშიდან თავისი ფული და ქვეყნიდან წავიდეს“ – რუსი ბიზნესმენი Washington Post-ს

bpn.ge წერს, რომ რუსეთის ელიტაში პოტენციური სამხედრო ესკალაციის გამო ნერვიულობა იზრდება, რომ უკრაინელების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების ფონზე პუტინმა შესაძლოა, საპასუხო ზომებს მიმართოს.

ამის შესახებ The Washington Post (WaPo) წერს.

დრონებით თავდასხმების სერიამ რუსეთის 10 უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ცხრას, ასევე, ვორონეჟში, ვოლგოგრადსა და ტულის ოლქში თავდაცვის ქარხნებს ზიანი მიაყენა. ეს კიდევ უფრო ზრდის იმ ჩინოვნიკების შფოთვას, რომლებიც, გამოცემის შფასებით, ეკონომიკის შენარჩუნებაზე და ბიუჯეტის შევსებაზე ისედაც “თავს იტეხენ,” რადგან ბიუჯეტის დეფიციტმა იანვრიდან მაისამდე 6 ტრლნ რუბლს (77 მლრდ დოლარს) გადააჭარბა.

მოსკოველმა ბიზნესმენმა WaPo-ს განუცხადა, რომ რუსეთის ინფრასტრუქტურის დასაცავად “საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები არ არის.“

„არავინ იცის, რა უნდა გააკეთოს წარმოების გასაზრდელად. ეს არის საშინელი სიტუაცია, რომელსაც პუტინი და მისი გარემოცვა, როგორც ჩანს, არ ელოდნენ. ისინი არ იყვნენ მზად ხანგრძლივი ომისთვის და არც დრონებით ომისთვის არიან მზად,“ – ამბობს ანონიმური რუსი ბიზნესმენი.

WaPo წერს, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმების ესკალაცია, რომელიც ანექსირებულ ყირიმს იზოლაციით ემუქრება და ქვეყნის ისტორიაში საწვავის ყველაზე ძლიერი კრიზისი უკვე გამოიწვია, გეოპოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით კიდევ უფრო მძიმდება. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქებს. აშშ-მა პირველად მოაწერა ხელი G7-ის დეკლარაციას, რომლითაც უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა. რუსეთის დიპლომატიურ კორპუსთან დაახლოებული კიდევ ერთი წყაროს შეფასებით, ეს ყველაფერი აშკარა „განგაშის ზარებია.“

WaPo-ს ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ეკონომიკას ნავთობზე ფასების ვარდნა კიდევ უფრო გაართულებს. კერძოდ, აშშ-ირანის შეთანხმების შემდეგ რუსულ Urals-ზე ბარელის ფასი 50 დოლარამდე დაეცა, მაშინ, როცა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს სამხედრო ხარჯის გასაზრდელად თანხის მოძიება სჭირდება. ამ ხარჯმა პირველ კვარტალში ბიუჯეტის მიერ დახარჯული ყოველი მეორე რუბლი და აკრეფილი გადასახადების ორი-მესამედი უკვე მოიცვა. რუსი ექსჩინოვნიკი WaPo-სთან ამბობს, რომ „მასიური დეფიციტისა“ და, თითქმის, ამოწურული ეროვნული კეთილდღეობის ფონდის გათვალისწინებით მთავრობა მეტს ისესხებს, რაც, თავის მხრივ, ინფლაციას გაზრდის.

ასევე, რუსეთის დიპლომატიურ კორპუსთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, ზეწოლას არ დაემორჩილება და უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებისთვის გზების ძებნას დაიწყებს.

„როგორც ჩანს, ესკალაციის ახალი ციკლი გველის,“ – ამბობს წყარო.

ამის პარალელურად, WaPo-ს ცნობით, ბიზნეს-საზოგადოებაში იზრდება შიში, რომ სახელმწიფო ომის დასაფინანსებლად კერძო დანაზოგების გამოყენებას შეეცდება. დეპოზიტების კონფისკაციის შესახებ ჭორებმა, რომლებიც 2024 წლის ბოლოდან ვრცელდება, მოულოდნელი შემობრუნება ივნისში მიიღო, როცა კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი მოულოდნელად მოსახლეობისა და კომპანიების საბანკო დეპოზიტების „მობილიზაციის“ ინიციატივით გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ მან მოგვიანებით თავისი განცხადება უარყო, ამან შიში არ გააქრო.

„მთავრობას შეუძლია, ფულის მიღება ნებისმიერი საშუალებით სცადოს, ამიტომ ყველა ფიქრობს, თუ როგორ მოხსნას ანგარიშიდან თავისი ფული და ქვეყნიდან წავიდეს,“ – განუცხადა WaPo-ს მოსკოველმა ბიზნესმენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button