ბლოკი „სომხეთი“ პარლამენტის მანდატებს აიღებს

ბლოკი „სომხეთი“ აპირებს აიღოს 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებული მანდატები. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ბლოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ბლოკმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საჭიროდ მიიჩნევს წარმოადგინოს თავისი პოზიცია ბრძოლის შემდგომ სტრატეგიასთან დაკავშირებით.
„მანდატი იარაღია და მისი ნებაყოფლობით დათმობა უპასუხისმგებლო იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ამომრჩევლების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სომხეთის“ ბლოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის სტატუსი მათთვის თანამდებობა ან მოხერხებულობა არ არის, არამედ დამატებითი ინსტრუმენტი, სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტარიუმი და ყოველდღიური წინააღმდეგობის შესაძლებლობა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტში წარმომადგენლობას მოქალაქეთა უფლებების დაცვის, მათი პრობლემების გამოხატვის, გადაწყვეტილებების შეთავაზების, ასევე საზოგადოებასთან და საერთაშორისო აქტორებთან კავშირების გაძლიერების ინსტრუმენტად მიიჩნევენ.
„სამშობლოსა და ამომრჩევლის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ბლოკი „სომხეთი“ პარლამენტში გამოგზავნის იდეოლოგიურ და ურყევ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პოლიტიკური წინააღმდეგობის წინა ხაზზე მზადაა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.







