რუსეთმა სომხეთს ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინადადება წარუდგინა

რუსეთის ფედერაციამ სომხეთს ერთი ან ორი ბლოკით ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესთავაზა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ „როსატომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა „ვესტი“-ს განუცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს სომხეთში ელექტროენერგიის 30 პროცენტი ატომურია, მაგრამ მოთხოვნა იზრდება და ამან შესაძლოა მომდევნო ათწლეულებში ელექტროენერგიის სიმძლავრის დეფიციტი გამოიწვიოს.
„ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი პასუხი კი დიდი ან საშუალო სიმძლავრის სადგურის, ერთი ან ორი ბლოკის ქონაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მომავალ ენერგოდეფიციტს დააკმაყოფილებს. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ბირთვულ ენერგიაში პროფესიული პოტენციალის არსებობა თავისთავად ხარისხიანი ეკონომიკისა და ინდუსტრიის ნიშანია“, – აღნიშნა ლიხაჩოვმა.
მან შეახსენა, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გადატვირთვის შემდეგ, სადგურის სიმძლავრე დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის კიდევ 10 წლით გახანგრძლივებაზე, რის შემდეგაც სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.
სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ახალი ატომური ელექტროსადგური მოდულური უნდა იყოს და ერევანი ასეთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე 5 ქვეყანასთან: საფრანგეთთან, აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.







