სახელმწიფო დეპარტამენტი: TRIPP-ის მარშრუტზე სასაზღვრო და საბაჟო ფუნქციები სომხეთის კონტროლის ქვეშ რჩება

საზღვრის უსაფრთხოებისა და საბაჟო ყველა ფუნქცია სომხეთის კონტროლის ქვეშ რჩება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რადიო თავისუფლების მიერ TRIPP-ის მარშრუტზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციების შესახებ დასმულ შეკითხვაზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ TRIPP, რომელიც აზერბაიჯანს სიუნიქის რეგიონის გავლით ნახიჩევანთან აკავშირებს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სატრანზიტო რეგულაციების შესაბამისად იმუშავებს. რადიო თავისუფლებამ კონკრეტულად ჰკითხა სახელმწიფო დეპარტამენტს, დათანხმდა თუ არა შეერთებული შტატები, როგორც TRIPP-ის მონაწილე, რომ სატრანზიტო მარშრუტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში იმუშავებს და რეგულირდება თუ არა TRIPP-ის ფარგლებში საბაჟო ტრანზიტის პროცედურები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებით და თუ ასეა, უკვე არსებობს თუ არა შეთანხმება ან ხელშეკრულება სომხეთსა და აშშ -ს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მოკლედ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვებს და აღნიშნა
„TRIPP ინარჩუნებს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და იურისდიქციას. სასაზღვრო უსაფრთხოებისა და საბაჟო ყველა ფუნქცია სომხეთის კონტროლის ქვეშ რჩება და სომხეთის ხელისუფლება ახორციელებს კონტროლს და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს“.
მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა არ უარყო, რომ საზღვრის გადამკვეთებისთვის პირისპირ მომსახურება, ანუ კომუნიკაცია, ასევე შეიძლება დელეგირებული იყოს მესამე ქვეყნის ოპერატორისთვის. ისინი შეაგროვებენ დოკუმენტებს გადამოწმებისთვის, ასევე ტრანზიტის საფასურს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უპასუხოდ დატოვა რადიო თავისუფლების კიდევ ერთი კითხვა, გეგმავს თუ არა შეერთებული შტატები რაიმე ცვლილების შეტანას მოქმედ მარეგულირებელ ჩარჩოში ან TRIPP-ისთვის ცალკეული ტრანზიტის წესების შემოღებას. კითხვაზე, განიხილა თუ არა ვაშინგტონმა ეს საკითხი სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს აზერბაიჯანის მთავრობასთან თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში გათვალისწინებული პრიორიტეტული სფეროების შესახებ, მათ შორის რეგიონული კავშირის, ეკონომიკური ინვესტიციების, ენერგეტიკის, უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა ასევე უარი თქვა იმის გამჟღავნებაზე, თუ რამდენი თანხა გამოყო ამერიკულმა მხარემ TRIPP პროექტისთვის, პრესმდივანმა განაცხადა, რომ „ამ დროისთვის მათ არ შეუძლიათ დამატებითი დეტალების მიწოდება“.







