საზოგადოება

„შოკისმომგვრელია…“ – „რუსთავი 2“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ტელეკომპანია რუსთავი 2ის გენერალური დირექტორი სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გასაჩივრდება. 

გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, ეს, მართალია, დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არცთუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის სრულიად წარმოუდგენელი, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის, არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამავე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შესახებ.

„რუსთავი 2″-ს შეუძლია საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. „რუსთავი 2″ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოთხი მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

„რუსთავი 2″-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის” გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა. საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოება ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button