მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო როლი აქვს  – ფაშინიანი

სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არანაირად არ არის დაკავშირებული  მესამე მხარეებთან  და კვლავაც სტრატეგიული და ძმური დარჩება.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში განხეთქილების გამოწვევას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში.

„საქართველოსთან დაკავშირებით, მე ნათლად განვაცხადე, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო როლი აქვს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ სიტუაციით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის განპირობებული სხვა ქვეყნებთან ან ასოციაციებთან ურთიერთობებით.

 „სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას არანაირი კავშირი არ აქვს მესამე მხარესთან ურთიერთობასთან. და, ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული, ძმურია და ასეც დარჩება. უბრალოდ, სხვა სცენარი არ შეიძლება იყოს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button