საერთაშორისო

საგარეო უწყება – კიევში დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

კიევში დაკავებულ 119 არალეგალ მიგრანტს შორის ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, საქართველოს ხუთივე მოქალაქე ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს და მათ დეპორტაცია არ შეხებიათ. ხუთივე პირს განესაზღვრა ვადა, რათა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

უკრაინაში 119 არალეგალის დაკავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიამ ქვეყნის ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც ცნობილია, არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.

ნახეთ მეტი
Back to top button