კულტურაპოლიტიკა

თბილისში ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიხსნება

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“ ფესტივალს – „მდინარის მაგიური ბაღი“ გამართავს. ფესტივალი დღეს გაიხსნება. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ნახევარ ჰექტრამდე ფართობის ჭალის ტერიტორიის საზოგადოებრივ სივრცედ ქცევა. ფესტივალისთვის შერჩეული მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ასევე წარმოაჩენს ადგილს მდინარის ნაპირზე, როგორც პოტენციურ საზოგადოებრივ სივრცეს.

ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალში მონაწილეობენ არტისტები: მამუკა ჯაფარიძე, მარიამ კალანდაძე, გალაქტიონ ერისთავი, თამარ გურგენიძე, გოჩა ჟღენტი, ზურა ცოფურაშვილი, არიალი, ლადო ლომიტაშვილი, ილია მახარაძე, ალექსი სოსელია, ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, ელენე გაბრიჩიძე.

გამოფენა დაფინანსებულია „შემოქმედებითი საქართველოს“ (Creative Georgia) მიერ გამოცხადებული კონკურსის – „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობის“ ფარგლებში.

ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორკშოპები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები ჩატარდება. სპეციალურად შექმნილია ტერიტორიის აუდიოგახმოვანება კოსმიური ხმების გამოყენებით.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“ 18 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს ავსტრიიდან რეზიდენტ არტისტს, დევიდ პრიზს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მის მიერ ჩატარებული ვორკშოპის შედეგად შექმნილი ნამუშევრები, რომელიც 2019 წლის 3 აგვისტოს გაიმართა, სახელწოდებით – Hæven is a place on Earth – Guerilla Communication as an Artistic Tool for Political Change.

ნახეთ მეტი
Back to top button