საზოგადოება

ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურ დასაქმებას შეძლებენ

ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურ დასაქმებას შეძლებენ. ამას ითვალისწინებს შეთანხმება, რომლის გაფორმებასაც მხარეები უახლოეს მომავალში გეგმავენ. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.

ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტები მომზადდება.

საკითხზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა.

სხდომას თავმჯდომარეობდა და საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეა ახვლედიანი, ხოლო ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ლაზარ ლაზაროვი. შეხვედრისას, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები საქართველოსა და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულების ტექსტზე და სრულ შეთანხმებას მიაღწიეს.

აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას.

„დასაქმების და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ – აცხადებენ სამინისტროში.

ნახეთ მეტი
Back to top button