საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ფუძნდება „ევრონიუსი საქართველო“, ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ახალი ამბების არხისა და ციფრული პლატფორმის „ევრონიუსი საქართველო“ დაფუძნების ცერემონიას დაესწრო, რომელიც „სილქნეტისა“ და „ევრონიუსის“ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ევრონიუსი საქართველოს“ შექმნის აზრი სალომე ზურაბიშვილს ექვსი თვის წინ, თბილისში სტუმრად მყოფ „ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელიც შემდეგ უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარა.

„ჩვენ ვხდებით ამ დიდი მედიაოჯახის წევრი. ეს აზრი სულ რაღაც ექვსი თვის წინ გაჩნდა და დღეს უკვე განხორციელებულია. ეს არის ამ ქვეყნის ენერგია, რომ ასეთი საქმეების კეთება ასეთ მოკლე დროში შეგვიძლია“, – განაცხადა არხის დაფუძნების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, „ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნება ძალიან დიდი წინსვლაა საქართველოსთვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია.

„ჩვენ „ევრონიუსიდან“ მივიღებთ არა მხოლოდ პროგრამებს, არამედ ევროპულ სტანდარტებს, რაც ყველაზე უფრო გვჭირდება ქართულ მედიასივრცეში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არხის დაფუძნებით ევროპული პროფესიონალიზმი, ინფორმაციის მიმართ ევროპული მიუკერძოებლობა და ევროპული სიმტკიცე შემოვა. იმავდროულად, „ევრონიუსის“ საშუალებით საქართველოს და მისი კულტურის შესახებ მომზადებული პროგრამები გატანილი იქნება ევროპაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს არხის დაფუძნებაზე მიბრძანებისთვის.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ გვქონდა გლობალური დისკუსია პარიზში შეხვედრისას. მე ვიცი, რამდენად ღრმა ფიქრები გაქვთ თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ფიქრობთ, რომ საქართველოს სჭირდება ბევრი პერსპექტივა, მათ შორის ძლიერი კავშირი ევროპასთან. მსურს მხურვალე მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს აქ მობრძანებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია“, – განაცხადა მან.

კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ ახალი საინფორმაციო არხი – Euronews Georgia იქნება მაღალი მედიასტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი, რომლის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან.

Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის შემოდგომაზე დაიწყებს.

ნახეთ მეტი
Back to top button