ანალიტიკა

გამოკითხვა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე – რომელ პარტიებს უჭერს მხარს მოსახლეობა

გამოკითხულთა უმრავლესობას არჩევანი ჯერ გაკეთებული არა აქვს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა, ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.

კითხვაზე, „რომელი პარტიის შეხედულებებია თქვენთან ახლოს”, რესპონდენტთა 45%-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონს.

რაც შეეხება დანარჩენებს, გამოკითხულთა 19% სიმპათიითაა გამსჭვალული მმართველი პარტიის მიმართ. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 9%. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, პარტიების გაერთიანებამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” და „თავისუფალმა დემოკრატებმა” 4-4 პროცენტი დააგროვეს,

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას” ხმას მისცემდა გამოკითხულთა 20%, „ნაცმოძრაობას” – 9%, „პატრიოტებს” – 4%, გაერთიანება „ევროპულ საქართველოსა და „თავისუფალ დემოკრატებს” – ასევე თითოეულს 4%.

არც ერთი პარტიის მხარდაჭერა არ სურს რესპონდენტების 19%-ს, ხოლო 26%-ს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში. პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა 2,1 ათასზე მეტი რესპონდენტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობიდან, გარდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების – ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისა.

NDI მსგავს კვლევებს საქართველოში 2009 წლიდან ატარებს. გამოკითხვა მისი დაკვეთით ჩაატარა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი” (СRRС) დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.

გამოკითხვის ცდომილებაა +/- 1,7%.

ნახეთ მეტი
Back to top button