პოლიტიკა

შეწყალების საქმე: პროკურატურა პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყვნენ პოლიციელის და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულები, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის იყვნენ რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, 2004 წელს 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე, ასევე 1994 წელს სოსო ქოიავას მკვლელობისთვის გასამართლებული ზურაბ ნადირაძე. თითოეულ მათგანს საპატიმროში ძალიან ცოტა დრო ჰქონდა გატარებული საიმისოდ, რომ შესაწყალებელთა სიაში მოხვედრილიყო. მათ გარდა შეწყალებულთა შორის აღმოჩნდა ერთი გაფლანგვა–მითვისებისთვის ძებნილი პირიც.

აღნიშნულმა ფაქტმა ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტის ასეთი საქციელის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წევრებმა, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი 2014 წლის 27 დეკემბერს მოკლეს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში. გამოძიების მონაცემებით, მას და დევაძის შორის, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც დევაძემ პოლიციელს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავში ესროლა. მუკბანიანი ადგილზევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება 18 წლის დავით ოთხმეზურის, იგი 2004 წლის ოქტომბერში თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების გადაკვეთაზე მოკლეს. ამ საქმეზე 2016 წლის მარტში, მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ ასლან ბეჟანიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ იგი გაამართლა.

2018 წელს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. 2019 წლის მარტში კი იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მაგრამ 2012 წლის დეკემბერში მიღებული „ამნისტიის შესახებ კანონის” გათვალისწინებით, საპატიმრო ვადა ექვსი წლითა და ცხრა თვით განესაზღვრა.

ზურაბ ნადირაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 23 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მან 1994 წელს თბილისში ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ერთი, სოსო ქოიავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნადირაძე თავს ჩეხეთში აფარებდა, რომელიც მის ექსტრადიციაზე წლების განმავლობაში ამბობდა უარს. თუმცა 2017 წელს ჩეხეთმა ნადირაძის საქართველოში ექსტრადირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ნადირაძეს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

შეწყალება პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა. მიუხედავად ნებისმიერი რეკომენდაციისა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

ნახეთ მეტი
Back to top button