საერთაშორისო

არეულობა ბარსელონაში: საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება აეროპორტში რეისის გაუქმების გამო

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი დღეს ბარსელონაში არ გაფრინდა და მგზავრები აეროპორტში დარჩნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეარხის ინფორმაციით, ავიაკომპანიას მგზავრები რეისის გაუქმების შესახებ არ გაუფრთხილებია და მათ ამის შესახებ მხოლოდ აეროპორტში შეიტყვეს.

„როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციისა და თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც“, – ნათქვამია ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადებაში.

პირველი არხის ინფორმაციით, აეროპორტში დარჩენილ მგზავრებს ოთხშაბათამდე რეისის დალოდება შესთავაზეს, რომელზეც ისინი 20 ოქტომბრის რეისის ბილეთებით ისარგებლებენ. ანდა თავად უნდა შეიძინონ ბილეთი იმ ქალაქამდე, საიდანაც ქართული ავიახაზები დაფრინავს. ან შეუძლიათ შეიძინონ სხვა ავიაკომპანიის ბილეთი და Georgian Airways-ი ავიაბილეთის ღირებულებას აუნაზღაურებს.

„მოქალაქეთა უმეტესობამ მოაგვარა საკითხი და ამ ეტაპზე, აეროპორტში რჩება 7 ადამიანი“, – აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში, რომელსაც პირველი არხი ციტირებს.

ქართული ავიახაზების ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავიაკომპანია შეუძენს ბილეთს იმ რამდენიმე მგზავრს, რომელსაც თან ფული არ აქვს.

კატალონიაში მიტინგები, ავტო- და სარკინიგზო მაგისტრალების გადაკეტვა და არეულობები 14 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის განაჩენი 12 პოლიტიკოსს გამოუტანა. ცხრა მათგანს ამბოხება ედება ბრალად, მათ 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. სამ მათგანს კი დაუმორჩილებლობა – მათ სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ.

არეულობა გაგრძელდა კატალონიაში კვირასაც, სამართალდამცველებმა დააკავეს 13 ადამიანი, ოთხი თანამშრომელი დაშავდა.

მომიტინგეები ცეცხლს უკიდებდნენ ნაგვის კონტეინერებს, აზიანებდნენ საგზაო საფარს, შუქნიშნებს, საგზაო ნიშნებს, ხეებს და ქუჩის ინფრასტრუქტურას. ქალაქის დასუფთავებაში 40-ზე მეტი სამუშაო ჯგუფი მონაწილეობდა, მეხანძრეებმა ბარსელონაში 50-მდე ცეცხლის კერა ჩააქრეს.

ნახეთ მეტი
Back to top button