საზოგადოება

ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები 200 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ და საარჩევნო სისტემის ამერიკულ მოდელზე საუბრობენ

“ქართული ოცნების” მაჟორტიარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, მმართველ გუნდში კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი ხდება.

ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტი ამერიკულ მოდელს  გულისხმობს.

“არ ვაპირებთ მათთან არაფრის გარკვევას, გვაქვს ჩვენი ამერიკული სისტემა, ჩვენთვის საინტერესო და მე ვფიქრობ, სარგებლიანი ქვეყნისათვის. მე ვრჩები, რა თქმა უნდა გუნდში. შევეცდები, რომ ამ ინიციატივას მხარდაჭერა ჰქონდეს, თუმცა ამ შემთხვევაში უმრავლესობის იმედი არ მაქვს. ხალხს შევეკითხოთ, როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ჩვენ გავალთ რეგიონებში, ისინი გადაწყვეტენ და არა მხოლოდ დეპუტატები,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ბერაიას განცხადებით, კანონპროექტს გუნდში მოწინააღმდეგები ჰყავს, თუმცა ის და მისი თანამოაზრეები მოქალაქეების მოსაზრებების გაცნობას გემავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტმა საკითხთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

“რა თქმა უნდა, იყო გარკვეულ საკითხებზე კამათი, მათ შორის, წმინდა სამართლებრივ დეტალებზეც კი. მათი განსხვავებული აზრი საარჩევნო სისტემაზე ახალი არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მივიღოთ რაციონალური განსხვავება,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დახურული შეხვედრა უმრავლესობის ლიდერებსა და ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებს შორის გუშინ ხმაურის ფონზე წარიმართა. მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საინიციატივო ჯგუფმა კანონპროექტი მაინც დაარეგისტრირა.

ინიციატორები კანონპროექტის ხალხისთვის გაცნობას და 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ.

ნახეთ მეტი
Back to top button