საერთაშორისო

იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მუდმივად აფასებს თავისი ყოფნის გაძლიერების საჭიროებას შავი ზღვის რეგიონში. ამის შესახებ მან ბრიუსელში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ლუდოვიკ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გენერალური მდივნის თქმით, შავ ზღვას გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოსთვის და ალიანსმა გააძლიერა თავისი ყოფნა რეგიონში ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეში. კერძოდ, გაძლიერდა ჰაერის პატრულირება, სამხედრო-საზღვაო ხომალდების ყოფნა და სახმელეთო ძალები.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს სამი წევრი ქვეყანა – რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი შავიზღვისპირა ქვეყნები არიან და რეგიონში ალიანსის კიდევ ორი ახლობელი ქვეყანა – უკრაინა და საქართველოა.

„ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით მათ, ვატარებთ მათთან ერთად წვრთნებს“, – აღნიშნა გენმდივანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნატოში აამაღლეს საკუთარი ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ამიტომ, ალიანსს შეუძლია სწრაფად გააძლიეროს თავისი პოტენციალი.

სტოლტენბერგი გამოვიდა მოწოდებით, არ დაივიწყონ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამ გამოიწვია ის, რომ ალიანსი იძულებული იყო გაეძლიერებინა თავდაცვის კოლექტიური სისტემა.

ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს interpressnews.ge

ნახეთ მეტი
Back to top button