საზოგადოება

ესპანეთში განაჩენი გამოიტანეს ქართული მაფიის წევრების წინააღმდეგ

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო პალატამ გამოიტანა განაჩენი 2012-2015 წლებში მადრიდსა და გვადალაჰარში ბინების გაქურდვით დაკავებული დაჯგუფების 27 წევრის მიმართ, იტყობინება DW, iustel.com-ზე დაყრდნობით. დამნაშავეებმა, ძირითადად საქართველოს მოქალაქეებმა, მოპარული საქონელი რუსეთში და სხვა ქვეყნებში გაგზავნეს. მათ 3-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დაჯგუფების 3 ლიდერი ქვეყნიდან იქნება დეპორტირებული.

ჯგუფის მუდმივ შემადგენლობაში იყვნენ ესპანეთში მცხოვრები რამდენიმე ათეული ადამიანი. მაგრამ ქურდობაში მონაწილეობდნენ ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყანაში ტურისტული ვიზით ცხოვრობდნენ. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებელი სახლებით, ფულით და კარების გასატეხი იარაღებით.

ეროვნული სასამართლო პალატის ცნობით, ქურდები ვალდებული იყვნენ ნაქურდალი გადაეცათ ბანდის ლიდერებისთვის. მოპარული ოქროს სამკაულები გადაადნეს ოქროს ზოდებად და გაგზავნეს რუსეთში, საქართველოსა და იტალიაში. რაც შეეხება მოპარულ ფულს, ისინი ასევე გაგზავნეს რუსეთში საერთაშორისო კომპანიების საშუალებით. ესპანეთის სასამართლო ფიქრობს, რომ ამ გზით დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2015 წელს ესპანეთიდან თითქმის 650,000 ევრო გაიტანა.

27 მსჯავრდებულიდან სამმა დაუყოვნებლად უნდა დატოვოს ესპანეთი ქვეყანაში დაბრუნების უფლების გარეშე. ეს ეხება დაჯგუფების ლიდერს ,,კანონიერ ქურდს“ ზვიად დარსაძეს და მის ორ თანაშემწეს. სხვა მსჯავრდებულთაგან განსხვავებით, ისინი 2015 წლიდან იმყოფებოდნენ წინასწარ პატიმრობაში და მათ შეეძლოთ განეახლებინათ დანაშაულებრივი საქმიანობა.

დარსაძე უკვე გაასამართლეს ესპანეთში. 2005 წელს ის რუსეთ-საქართველოს მაფიის 30 ავტორიტეტთა შორის იყო, რომლებიც დააკავეს ფულის გათეთრებისა და სხვა დანაშაულისთვის. დარსაძეს იმ დროისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ისევე როგორც მის თანამზრახველ ზაქარი კალაშოვს, რომელიც ცნობილია როგორც შაქრო მოლოდოი. ეს უკანასკნელი ითვლება რუსეთისა და საქართველოს კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ავტორიტეტად.

ნახეთ მეტი
Back to top button