საერთაშორისო

ვინ ემუქრებოდა საქართველოს პრეზიდენტის შვილებს? სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილებს ემუქრებოდა, ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება გაზეთი „რეზონანსი”.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში მუქარები იმ დროს გაჩნდა, როდესაც ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. სასამართლოს ჩვენებები მისცეს ზურაბიშვილის შვილებმა – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა.

თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, 2018 წლის 9 ნოემბერს, როდესაც იგი ლონდონში იმყოფებოდა, მისთვის სრულიად უცნობმა პირმა გ.რ.-მ მას სოციალურ ქსელში მისწერა, მიესალმა და შემდეგ დაურეკა. „ახლა კარგად მომისმინე, ბიჭო”, – ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ თეიმურაზმა აუდიოზარი გათიშა. თეიმურაზის თქმით, ამის შემდეგ მას ბრალდებული მუქარის შემცველ ტექსტებს უგზავნიდა.

უცნობი ქართულ ენაზე ლათინური შრიფტით წერდა. იგი შეურაცხყოფდა სალომე ზურაბიშვილს და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სასამართლოში ჩვენების მიცემისას, თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა, რომ მუქარის ავტორს პასუხი არ გასცა, თუმცა „ფეისბუქში” მისი პროფილი შეამოწმა და ნახა, რომ იგი სამხედრო ძალების თანამშრომელია. მოგვიანებით, საქართველოს შსს-მ მისი ვინაობა დაადგინა, იგი გიორგი რუსიტაშვილი აღმოჩნდა.

თეიმურაზმა აღნიშნა ისიც, რომ მუქარის ამსახველი “სქრინშოთები” იმავე დღეს დედას – სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრალდებული 2009-2016 წლებში რეზერვის კაპრალი იყო, 2018 წლის 21 მარტს კი უკრაინაში წავიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული უკრაინის მებრძოლთა რიგებშია.

სასამართლოს ჩვენება მისცა ქეთევან გორჯესტანმაც. როგორც მან აღნიშნა, მუქარის შემცველი შეტყობინება იმავე პირისგან თავადაც მიიღო.

სასამართლო პროცესებს თავად ბრალდებული არ დასწრებია. მას განაჩენი დაუსწრებლად შეუფარდეს, მასზე ძებნა გამოცხადდა.

ნახეთ მეტი
Back to top button