პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების კანონს საია საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

News.on.ge. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ორგანიზაციის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უფლებაშემზღუდველი ნორმა კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს […] ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად”, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, “შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით”. ამდენად, საიას განცხადებით, კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები.

საია მიიჩნევს, რომ შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც. მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია.

“ტექნიკურ რეგულაციად ვერ იქნება მიჩნეული შესული ცვლილებებით განსაზღვრული ისეთი აკრძალვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ქართულმა ოცნებამ 81 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

გუშინდელი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, კანონპროექტში მცირე ცვლილებები შევიდა. ახალი რედაქციით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

ნახეთ მეტი
Back to top button