ეკონომიკა

“აღდგეს ფრენები” – ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

,,ნეტგაზეთი” წერს, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა დღეს, 6 ივლისს საერთაშორისო ფრენების აღდგენის, რეგულაციებზე კონკრეტული პროტოკოლის დაწესების და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული დეტალების და თარიღების დასახელების მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიდების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გიორგაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, მათ მომავალი თვეების დასაგეგმად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, მათ შორის არ იციან როდის გაიხსნება საზღვრები, რა პირობებით მოუწევთ ტურების დაგეგმვა და რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების რა მექანიზმი იმოქმედებს.

“ჯერ გვითხრეს, რომ საზღვრები პირველ ივლისს გაიხსნებოდა და ჩვენც ამაზე გადავეწყვეთ, მერე აგვისტომდე გადაიწია, ეხლა ესეც არ ვიცით ზუსტად. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა ინფორმაცია, მაგალითად იმაზე, თუ რომელ ქვეყნებთან აქვთ მოლაპარაკებები, რომ ამის მიხედვით დავგეგმოთ ტურები და შევუთანხმდეთ უცხოელ პარტნირებს კონკრეტულ ქვეყნებში. თუ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდა ჩვენ შემოდგომის სეზონსაც ვკარგავთ და ეს ნიშნავს, რომ ახალ წლამდე უმუშევარი ვრჩებით.

გარდა ამისა, ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ ტურზე წასლისას, თუმცა არ ვიცით წესების დარღვევის შემთხვევაში რა ჯარიმები დაგვეკისრება. ამის ცოდნა გვჭირდება იმიტომ, რომ კლიენტებს ავუხსნათ, იმ შემთხვევაში თუ ისინი რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ სახელმწიფო რა ზომებს მიიღებს. ან მაგალითად თუ ტურისტს სიცხე აუწევს, რაც ძალიან ხშირია აკლიმატიზაციის გამო, ამ შემთხვევაში რა ხდება. ფინანსურად როგორ უნდა დავალაგოთ ეს საკითხები. ეს ყველაფერი არ ვიცით”, – განაცხადა გიორგაძემ.

მისი თქმით ჯავშნები ამ დრომდე შენარჩუნებულია და ტურისტები საქართველოში ვიზიტისთვის მზად არიან, თუმცა საზღვრები ჩაკეტილია. ამასთან, როგორც გიორგაძემ განმარტა, მათ კომუნიკაცია აქვთ უცხოელ პარტნიორებთან რომელთა თქმითაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველთა რიცხვი მაღალია, მათ შორის ისეთი ადამიანების, ვინც მზად არის ტესტი საკუთარი ხარჯებით გაიკეთოს.

ნახეთ მეტი
Back to top button