მთავარიპოლიტიკა

“თავხედობად ნუ მიიჩნევთ”: საქართველოს პარლამენტში ადგილებისთვის ერთდროულად ოთხი სომეხი იბრძვის

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები ცხელი იქნება. საკმაოდ მწვავე პოლიტიკური ბრძოლა ვითარდება სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ერთდროულად ოთხი სომეხი კანდიდატი იყრის კენჭს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საარჩევნო ოლქებიდან.

ამრიგად, ნინოწმინდის ყოფილი პოლიციის უფროსი არსენ კარაპეტიანი დასახელდა ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის ოპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს” კანდიდატად. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ძალამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ,,ნაციონალური მოძრაობა“, წარადგინა მელიქ რაისიანი იმავე საარჩევნო ოლქში. მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-მ კი, სამველ მანუკიანი წარადგინა. ხოლო საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, ამჯერად თავად წამოაყენა თავისი კანდიდატურა ამ ოლქში.

,,სპუტნიკი სომხეთთან“ ინტერვიუში დეპუტატობის ყველა ამ კანდიდატმა მაღალი შეფასება მისცა მომავალ არჩევნებში თავიანთ გამარჯვების შანსებს.
კერძოდ, არსენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ მას აქვს კარგი პერსპექტივები ქვეყნის პარლამენტში შესასვლელად, უფრო მეტიც, მას აქვს უპირატესობა ოპონენტებთან შედარებით, მაგალითად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, ენების ცოდნა.
”ნუ მიიჩნევთ ამას თავხედობად, მაგრამ შანსი დიდია. მოსახლეობაში ოპოზიციური განწყობები სუფევს, მაგრამ ოპოზიციონერებიდან რომელი აირჩევა პარლამენტში, ეს უკვე ჩვენს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული”, – აღნიშნა კარაპეტიანმა.

გამარჯვების შემთხვევაში, ის აპირებს “ხალხს ძალაუფლება დაუბრუნოს”. კარაპეტიანი დარწმუნებულია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად გამოერიდებინა რეგიონების და მთლიანად ქვეყნის მართვიდან, შთააგონებდნენ მათ, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული.
”მსურს, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს თავისი ძალა ქვეყნის მართვის საქმეში”, – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

არანაკლებ გადამწყვეტადაა განწყობილი მელიქ რაისიანი. ,,სპუტნიკი სომხეთთან“ ინტერვიუში რაისიანმა აღნიშნა, რომ ის და მისი პარტია უბრალოდ “განწირულები არიან გამარჯვებისთვის”, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია რეგიონში არ გაუმჯობესდება და აქ კვლავ გაგრძელდება უკანონობა.
”მე წარმოგიდგენთ სააკაშვილის პარტიას და, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ არა მონაწილეობის, არამედ გამარჯვებისთვის”, – თქვა დეპუტატობის კანდიდატმა.
არჩევის შემთხვევაში, ის დაჰპირდა მუნიციპალიტეტების, სამთავრობო უწყებების ეფექტური მუშაობის დამყარებას, აგრეთვე რეგიონში “ნახევრად კრიმინალური” მართველობის გაუქმებას.
რაისიანი ასევე აპირებს მოაგვაროს სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობის პრობლემა, რომელიც საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს წარედგინება.
თავის მხრივ, გამარჯვების იმედი აქვს მმართველი პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატს სამველ მანუკიანს. მან დიდი ენთუზიაზმით მიიღო წინადადება კენჭი იყაროს საქართველოს პარლამენტში.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი კმაყოფილია მმართველი პარტიით, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ხალხისთვის”, – აღნიშნა მანუკიანმა.

მან აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ის აპირებს გააძლიეროს კავშირი ხელისუფლებასა და ხალხს შორის.

ამასთან, ამ ოლქის ამჟამინდელი დეპუტატი, ენზელ მკოიანი, ამჯერად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.
,,სპუტნიკი სომხეთთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ თავისი კანდიდატურა მოქალაქეების თხოვნით წარადგინა.
“მე დავთანხმდი, რადგან ხალხმა მეექვსეჯერ გამოთქვა ჩემი არჩევის სურვილი. მეც დავთანხმდი. მე ვარ რეკორდსმენი, 21 წლის განმავლობაში ჩემი რეიტინგი ყოველთვის მაღალი იყო”, – აღნიშნა მკოიანმა.
დეპუტატობის კანდიდატს სჯერა მისი გამარჯვების, რადგან, მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მან ბევრი რამ გააკეთა რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, ის, უპირველეს ყოვლისა, აპირებს დაკავდეს სკოლებთან, მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებული პრობლემებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყანაში საარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად გამოცხადდა.

ნახეთ მეტი
Back to top button