ეკონომიკამთავარი

სომხეთში დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა სოფელ დდმაშენიდან საქართველოს საზღვრამდე

 სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა შეთანხმება გერმანიის ბანკ KfW– სთან სესხის ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას სოფელ დდმაშენიდან საქართველოს საზღვრამდე.

ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ჰაკობ ვარდანიანის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი. სწორედ ამ თანხებით განხორციელდება ქვესადგურ დდმაშენის და აირუმში სატრანსფორმატორო სადგურის მშენებლობა, რაც საშუალებას მისცემს სომხეთის ენერგოსისტემას ერთდროულად ითანამშრომლოს ირანთან, საქართველოსა და რუსეთთან. მან გაიხსენა, რომ ირანთან ელექტროენერგიის გადამცემი მესამე ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს და დდმაშენის სადგურის გარეშე მისი გაშვება შეუძლებელი გახდება.

“ეს, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხია, რადგან ჩვენი ენერგეტიკული სისტემა სინქრონულად მუშაობს მხოლოდ ირანთან და ნებისმიერმა შოკმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. გარდა ამისა, ეს იძლევა ბაზრის ლიბერალიზაციის შესაძლებლობას. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვინტეგრირდეთ ევრაზიის ენერგეტიკულ სისტემის ენერგეტიკულ ბაზარზე და ამ პროექტის გარეშე – ეს შეუძლებელია ”, – აღნიშნა ვარდანიანმა.

მინისტრის მოადგილემ შეახსენა, რომ თუ ხელშეკრულება 30 ნოემბრამდე არ გაგრძელდება, KfW სომხურ მხარეს დააკისრებს ჯარიმას 16 მილიონი ევროს ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმს ოთხმხრივი ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ხელი მოაწერეს სომხეთის, რუსეთის, ირანის ენერგეტიკის მინისტრებმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ 2016 წლის აპრილში ერევანში.

სომხურმა მხარემ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები პროექტის კრედიტორთან, გერმანიის სახელმწიფო ბანკთან KfW. ზოგადად, ხაზის ტრაექტორია და მისი ქვესადგური უკვე განსაზღვრულია. პროექტის ღირებულება 188 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო ვადები 3-4 წელია. 3 წელიწადში უნდა დასრულდეს ქვესადგურისა და ხაზის მშენებლობა, ხოლო მუდმივი დენის ჩანართს დასჭირდება 4 წლიანი სამუშაო (ბუნებრივია, ისინი რიგრიგობით კი არ აშენდება, არამედ ერთდროულად).

400 კილოვოლტის ხაზმა სომხეთი უნდა დააკავშიროს ირანს 2021 წელს, ხოლო საქართველოს 2024-25 წლებში. მაშინ ქვეყნებს შეეძლებათ თავისუფლად ვაჭრობა ელექტროენერგიით.

სომხეთში მშენებლობის დაწყებას ელიან ქართველი მეზობლებიც, რადგან მსგავს პროექტს KfW იქაც აფინანსებს. ერთი ელექტროგადამცემი ხაზი 500 კვ (კავკასიონი) უკვე მუშაობს საქართველოსა და რუსეთს შორის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის მიმართულებით. ახლა გერმანული სესხით  აშენდება მეორე 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი – ჩრდილოეთ ოსეთისკენ. ის გააგრძელებს სომხეთიდან 400 კილოვოლტის ხაზს, ამიტომ, მის დასაწყებად, საქართველო სომხეთიდან ელოდება “სიგნალებს”.

ნახეთ მეტი
Back to top button