საერთაშორისო

„ამბასადორიალი 2020“ ონლაინ – რეჟიმში გაიმართება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ამბასადორიალი 2020“ ონლაინ–ფორმატში 21–23 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, კონფერენციის თემა იქნება „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები”. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი გახსნის. ღონისძიების მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარდგებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია და პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე. 

„კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ ტურბულენტურ გარემოს, ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიებაზე განხილულ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების საკითხები აშშ-სთან, ევროპის სახელმწიფოებთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ოკეანეთის, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. საუბარი შეეხება რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას, ასევე მრავალმხრივ დიპლომატიას, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, სტრატეგიული კომუნიკაციების და ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავების საკითხებს.

ნახეთ მეტი
Back to top button