
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი გაიხსნა აზერბაიჯანის აღდამის რაიონის ქიამადდინლის დასახლების ტერიტორიაზე, იუწყება ინტერფაქსი.
”ცენტრი შეაგროვებს, შეაჯამებს და გადაამოწმებს ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის შესახებ და მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმებების დარღვევით მოქმედებებზე”, – რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განუცხადა ჟურნალისტებს.
უწყების ცნობით, კონტროლი განხორციელდება უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენებით, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების შეფასებით.
ცენტრის პერსონალი წარმოდგენილია თანასწორობის პრინციპით – თითოეული მხრიდან 60-მდე სამხედრო მოსამსახურე. მას პირდაპირი კავშირი აქვს დაპირისპირებული მხარეების სამხედრო მეთაურობის ორგანოებთან და რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შტაბებთან.







