კულტურამთავარი

სიყვარული, იუმორი, სარკაზმი: გურამ დოჩანაშვილის ცნობილი მოთხრობა სომხურად ითარგმნა

მკითხველს ამიერიდან სომხურად შეუძლია წაიკითხოს ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის წიგნი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. თარგმანის პრეზენტაცია  გაიმართა 21 ივლისს  სომხეთის მწერალთა კავშირში.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა  სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე  ედვარდ მილიტონიანი.

მილიტონიანმა გურამ დოჩანაშვილის ლიტერატურაზე საუბრისას თქვა, რომ ავტორი ლიტერატურულ სამყაროში 1970-80-იან წლებში შემოვიდა. ”მისი ლიტერატურა არის საბჭოთა კავშირის ხარვეზებსა და ნაკლოვანებებთან ბრძოლის სულისკვეთებით. ეს წიგნი ასეთია. ამას დაამატეთ ქართული იუმორი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ერთი შეხედვით სერიოზულ ტექსტში იუმორი ჰგავს წყალს ყინულის ქვეშ, რომელიც მუდამ ლივლივებს,  რითაც მკითხველს ყოველთვის ხიბლავს ”, – თქვა კავშირის პრეზიდენტმა.

ღონისძიებას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე. მან ხაზი გაუსვა, რომ ბედნიერია, რომ საშუალება აქვს  სომხეთში ქართველი კლასიკოსის შედევრის თარგმანის პრეზენტაციას დაესწროს.  

„სამწუხაროდ, წელს ბატონი დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო,  აუცილებლად დაესწრებოდა ამ ღონისძიებას. მადლობას ვუხდი თარჯიმნებს გელა გელაშვილს და ჯენი თამარიანს. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა სომეხი მკითხველისთვის, გაეცნოს ამ შესანიშნავ მოთხრობას. როგორც ავტორი ამბობს, ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ”, – თქვა საგანელიძემ.

როგორც ელჩმა თქვა,  საქართველოში დოჩანაშვილი სერვანტესის მემკვიდრედ ითვლება და მის ნამუშევრებში ჩანს სერვანტესის გავლენა.

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”,  მთარგმნელები არიან გელა გელაშვილი და ჯენი თამარიანი, რედაქტორია გაიანე გევორგიანი,  მხატვარი ქეთევან  კობახიძე.

წიგნი გამოიცა სომხეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ნახეთ მეტი
Back to top button