საერთაშორისო

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა. ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შეუშვეს პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან კონსილიუმი. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ქართული მედია.

ბრეგაძის სიტყვებით, დაკავების მომენტიდან “არ ყოფილა შემთხვევა”, როცა სააკაშვილს რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება დასჭირდა და პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მომსახურების მიწოდება ვერ შეძლო. მისივე თქმით, ამიერიდან ექიმები საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდიან ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

“აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის ეფექტური კონტროლი, ისევე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.

ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით,პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას”, — დასძინა მან.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის პირობებში, მიხეილ სააკაშვილის “დაცულობის ხარისხი, სამედიცინო თვალსაზრისით, ბევრად უფრო მაღალია”.

“თუ ამბობთ, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და არაფერი პრობლემა არ არის, მაშინ კონსილიუმს რატომ არ უშვებთ, რომ შეამოწმონ, რა პირობებშია მიხეილ სააკაშვილი და შეიძლება თუ არა მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა”, — ჰკითხა ჟურნალისტმა ბრეგაძეს, რაზეც მინისტრმა უპასუხა:

“კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა [რუსთავის] მე-12 დაწესებულებაში.

მე-12 დაწესებულება, ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება. ეს არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

და როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, იმისთვის, რათა დამატებით თუ გახდება საჭიროება, მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე”, — დასძინა ბრეგაძემ.

მანვე სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button