საზოგადოება

1 იანვრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლა დაიშვება ტესტის უარყოფითი შედეგით ან ვაქცინაციის მოწმობით

სომხეთში, 2022 წლის 1 იანვრიდან იგეგმება მოქალაქეების კულტურულ ღონისძიებებში დასწრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ უარყოფითი PCR ტესტის შედეგი ან ვაქცინაციის მოწმობა.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

შესაბამისი პროექტი მიმოქცევაშია.

„1 იანვრიდან მოქალაქეებს კვების ობიექტებში შესვლა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ უარყოფითი PCR ტესტი ან აცრა აქვთ ჩატარებული“, – განაცხადა ავანესიანმა.

შეზღუდვებმა შესაძლოა გარკვეული უხერხულობა გამოიწვიოს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების დღის წესრიგში დაყენებით, სამინისტროს მიაჩნია, რომ აუცილებელია მსგავსი ზომების მიღება.

28 ნოემბრის მდგომარეობით სომხეთში 1 მილიონ 217 ათას 391 აცრა განხორციელდა, საიდანაც პირველი დოზა 781 011 იყო, მეორე დოზა 436 380.

ნახეთ მეტი
Back to top button