საზოგადოება

რა ეტაპზეა სკოლაში უფასო კვების დანერგვა — მინისტრის განმარტება

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა, რა ეტაპზეა სკოლაში უფასო კვების დანერგვის პროგრამა.

მინისტრის განმარტებით, უკვე შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც კვების მოდელი უნდა შეიმუშაოს, თუმცა სხვა დეტალები ამ დრომდე კვლავ უცნობია.

დღეს, 1 დეკემბერს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მიხეილ ჩხენკელს უსმენენ. კითხვა-პასუხის დროს, სკოლებში უფასო კვების დანერგვის შესახებ მინისტრს ორმა დეპუტატმა —  ანა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა — მიუთითა. ამ უკანასკნელმა შეახსენა, რომ მიუხედავად წარსული დაპირებებისა, ეს პროგრამა სამინისტროს ჯერ არ წარმოუდგენია.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და UNICEF-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შორის. ამას მოჰყვა ჩემი შეხვედრა მასთან და ჩვენ უკვე ყველანი შევთანხმდით, რომ შეიქმნება… უკვე შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით.

შევჯერდებით რამდენიმე მოდელზე და შემდეგ წარვუდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გადავალთ უკვე პროექტის შემდეგ ეტაპზე“, — ამბობს მინისტრი.

მინისტრის გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე შეხვედრა გამართა თავად გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ხალილმაც იმავე გეგმაზე ისაუბრა.

„ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოკლე დროში განიხილება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთ თვეში ეს მოდელი შემუშავდება“, – თქვა მაშინ მან.

მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში უკვე წლებია შემუშავებული აქვს სკოლის მოსწავლეთა უფასო კვების სხვადასხვა მოდელი. მათ შორის აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, ესტონეთსა და სხვა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დაიბრუნა აქტუალურობა. კერძოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“.

მანამდე კი იგივე მოთხოვნა ჰქონდა მოძრაობა „ხმას“, რომელმაც ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კამპანიას იწყებდა.

ნახეთ მეტი
Back to top button