პოლიტიკა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის 10 მილიონი ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს

,,მთავარი არხი” წერს, რომ მოსკოვმა, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, უახლოეს მომავალში 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

როგორც “ეხო კავკაზა” წერს, ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (CMCE) მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს “ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე”, დავალიანების დარიცხულ პროცენტებთან ერთად, ევროპის საბჭოს საბანკო ანგარიშზე.

CMCE მიუთითებს, რომ რუსეთი დათანხმდა შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს, მაგრამ ჯერ მასზე ხელი არ მოაწერა. ამასთან, ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა მემორანდუმი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მიმდინარე წლის ივნისში CMCE-მ მოუწოდა რუსეთს, უშუალოდ გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული კომპენსაცია მიმდინარე წლის 6 სექტემბრამდე, ან ხელი მოაწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს თანხების გადარიცხვის შესახებ.

მიმდინარე წლის თებერვალში იმჟამინდელმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის შეუერთდეს მემორანდუმს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან დეპორტირებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხს. მან მოსკოვის პოზიციას “პატარა წინგადადგმული ნაბიჯი” უწოდა.

ევროპის სასამართლომ მოსკოვს 10 მილიონი ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა.

ნახეთ მეტი
Back to top button