საზოგადოება

Georgian Airways რუსეთში პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ ავიაკომპანია Georgian Airways 28 იანვარს რუსეთში პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის საიტზეა ასახული.

როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, ფრენა ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე ხორციელდება და მსგავსი პრაქტიკა ავიაკომპანიას მანამდეც ჰქონია:

„ჩარტერული რეისები სრულდება ჩვეულებრივად. მილიონი ჩარტერი მაქვს შესრულებული. ფრენების აკრძალვის შემდეგაც ბევრი გაგვიკეთებია. ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე ხდება. ერთჯერადი ჩარტერი შემიძლია მოვითხოვო მადაგასკარზეც და იქაც გავფრინდები, არ აქვს მნიშვნელობა“.


საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 2019 წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს კი თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 2019 წლის 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, „პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.”

Georgian Airways მას შემდეგ მოსკოვის მიმართულებით რეისებს სომხეთის დედაქალაქ ერევნის გავლით, პარტნიორი ავიაკომპანიის საშუალებით ახორციელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button