საერთაშორისო

ანი წითლიძე – ეს ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი დეოლიგარქიზაციის და დებიძინიზაციის გარეშე

თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი, რომლისთვისაც ყველაზე მთავარია ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გიხდით და არა ეს ქვეყანა, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ამის შესახებ წერს ქართული მედია interpressnews.ge

ანი წითლიძემ ასევე მიმართა საჯარო მოხელეებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მათი ხმამაღალი პროტესტი, რადგან მათ სიჩუმეზე დგას „ქართული ოცნება“ და უხანგრძლივებს მას ძალაუფლებას.

„ქართველი ხალხი მაინც შეძლებს იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს ნიჰილიზმის საფუძველი ჩვენთვის, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა კრიზისიდან შესაძლებლობის ნახვა. მაგრამ ამისთვის რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. რეალობა კი შემდეგშია, ეს ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი დეოლიგარქიზაციის და დებიძინიზაციის გარეშე. ეს არის, რაც უნდა შეძლოს ქართველმა ხალხმა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ორი რამ – პროდასავლური ოპოზიციის და ქართველი ხალხის ერთობა. მშვიდობიანი საპროტესტო მუხტი, ეს არის ის, რისიც ეშინია ამ ხელისუფლებას.

მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ქართულ ჯარს, პროკურორებს, მოსამართლეებს, დიპლომატებს და ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საელჩოში, თქვენ ყველაზე კარგად იცით რა ხდება სისტემაში. თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსის, თქვენ აუცილებლად გკითხავენ თქვენი შვილები ისტორიის რომელ მხარეს იდექით, როდესაც წყდებოდა უმნიშვნელოვანესი საკითხი ამ ქვეყნის განვითარების. მნიშვნელოვანია თქვენი ხმამაღალი პროტესტი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანები, ვის სიჩუმეზეც დგას „ქართული ოცნება“ და უხანგრძლივებს მას ძალაუფლებას“,- განაცხადა წითლიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button