
ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს, 10 აგვისტოს დამყარდა. ამის შესახებ იუწყება ევროკავშირის ოფისი. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები განვითარდა და გაღრმავდა. 2017 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა და 2021 წლის მარტში ძალაში შევიდა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობისთვის და სომხეთის მოდერნიზაციისთვის, განსაკუთრებით ბევრ სფეროში ევროკავშირის ნორმებთან საკანონმდებლო დაახლოების გზით. ევროკავშირი მოელის სომხეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივ ინტერესებზე დაყრდნობით, ჩვენი საზოგადოებებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. გილოცავთ ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს“, – ნათქვამია პოსტში.







