ანალიტიკა

რას ნიშნავს ბაირამოვის განცხადება ირანის ტერიტორიით გზის გაყვანის შესახებ? ექსპერტები განმარტავენ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადება აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის კავშირის დამყარების მიზნით ირანის ტერიტორიით გზის გაყვანის შესახებ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანი აპირებს უარი თქვას სომხეთის ტერიტორით დერეფნის ლოგიკით გზის მიღებაზე. ამის შესახებ “არმენპრესთან” საუბარში განაცხადა აზერბაიჯანის საკითხებში ექსპერტმა ტარონ ჰოვჰანნისიანმა.

„აზერბაიჯანს ასე თუ ისე, ირანის ტერიტორიით აქვს გზა ნახჭევანთან, ახლა აზერბაიჯანი ცდილობს ომის დროს ოკუპირებული არცახის სამხრეთ რეგიონებიდან უფრო მოკლე გზა გაყვანოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ხნის წინ განაცხადა, მაგრამ აქ სხვა საკითხია, რომ ისინი ცდილობენ  აღნიშნული გარემოება გამოიყენონ სომხეთზე დამატებითი ზეწოლის განსახორციელებლად, რომ სატრანზიტო გზა იქნება ირანის ტერიტორიაზე, სომხეთი დარჩება რეგიონული პროექტების მიღმა და ამით ცდილობენ სომხეთზე დამატებითი ზეწოლა მოახდინონ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საკითხზე შეთანხმების მიღწევის თაობაზე“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.

აზერბაიჯანის საკითხებში ექსპერტმა ტარონ ჰოვჰანნისიანმა აღნიშნა, რომ თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სომხეთს დაემუქარა და განაცხადა, რომ სურს თუ არა ეს სომხეთს, დერეფანი გაიხსნება.

„აზერბაიჯანული მხარე არ თმობს აღნიშნულ იდეას, ეს მათთვის და თურქეთისთვისაც არის უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მიზანი. სხვა საქმეა, რომ ისინი ცდილობენ დივერსიფიკაციას და ჰქონდეთ უფრო მოკლე გზა ირანის ტერიტორიაზე და სხვა გზა სომხეთის ტერიტორიაზე“, – დასძინა ჰოვჰანნისიანმა.

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, აღმოსავლეთმცოდნე არმენ პეტროსიანმა განაცხადა, რომ ნახჭევანის ერთადერთი კავშირი აზერბაიჯანთან იყო და არის ირანის ტერიტორიით, ხოლო ბოლო შეთანხმებები ომის შემდეგ ეხება მხოლოდ ახალი გზის მშენებლობას  აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული არცახის ტერიტორიებიდან.

„ანუ აქ ახალი არაფერია, უბრალოდ, უფრო ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი არხების შექმნას ცდილობენ. და ცდილობენ გამოიყენონ ეს შანტაჟის საშუალებად სომხეთზე ზეწოლის მიზნით. ანუ თუ სომხეთი აზერბაიჯანისკენ მიმავალ გზას დერეფნის ლოგიკით არ მიაწვდის, მაშინ ის რეგიონში არხების განბლოკვის პროცესს მიღმა იქნება და კვლავ იზოლირებული დარჩება, აზერბაიჯანი კი ირანის გავლით გააგრძელებს კავშირს.

აზერბაიჯანის რიტორიკაში ცვლილებები არ არის და ისინი კვლავ განაგრძობენ სომხეთისგან ბლოკადის მოხსნის მოთხოვნას დერეფნის ლოგიკით“, – დაასკვნა პეტროსიანმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს ალტერნატიული გზა ნახჭევანთან დასაკავშირებლად მდინარე არაქსის გავლით, სომხეთის გვერდის ავლით. ამ მიზნით, ირანთან შეთანხმების თანახმად, ბაქომ უკვე დაიწყო პირველი ხიდის მშენებლობა მდინარე არაქსზე.

ნახეთ მეტი
Back to top button